საქართველოს პროკურატურამ მილიონობით ლარის მითვისებისთვის შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორი დააკავა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორი და 49.99%-იანი წილის მფლობელია. გამოძიების ინფორმაციით, მან 73 მოქალაქის მიერ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის შეძენისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი პირად და დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადაიტანა.
დაუფლებილი თანხის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულმა ასევე შეიძინა უძრავი ქონება და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, საერთო ღირებულებით დაახლოებით 263 850 ლარი. მოტყუებით ნასყიდობის ხელშეკრულებების საშუალებით, მან ორ მოქალაქეს 119 273 ლარი გამოართვა.
ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 194-ე და 180-ე მუხლებით, რაც 9–12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.