საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ალბანეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკურ სამიტში მონაწილეობას მიიღებს
„სამიტი 16 მაისისთვის არის დაგეგმილი და დაგეგმილია ვიზიტი ამასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ არ მოგვითხოვია შეხვედრები. ვნახავთ ადგილზე, შეიძლება, გაიმართოს გარკვეული შეხვედრები კონკრეტულ ლიდერებთან. რეალურად, ფორმატი თუ იცით, საგანგებო, ოფიციალური შეხვედრები ნაკლებად იმართება ხოლმე ამ ფორმატში, თუმცა იქ ყოველთვის არის ლიდერებთან გასაუბრების საშუალება. ამ შესაძლებლობით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვისარგებლებთ. ვისაც ექნება სურვილი, ყველასთან ვისაუბრებთ. ჩვენ ყველასთან გვინდა საუბარი, თუ მათი მხრიდან იქნება სამართლიანი, ჯანსაღი და არა საბჭოური დამოკიდებულება. ეს არსაუბარი არის საბჭოური დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ავლენს არა საბჭოთა კავშირი, არამედ ევროკავშირი. ჩემი ევროპული დამოკიდებულება არის ის, რომ ყველასთან მინდა საუბარი და მათი საბჭოური დამოკიდებულება, არ ვგულისხმობ ყველას, ვგულისხმობ შესაბამის ლიდერებს, არის ის, რომ არ საუბრობენ. არსაუბარს შეიძლება, ჰქონდეს ერთადერთი ახსნა, ვიღაცას აქვს დაგეგმილი ეს უსამართლობა, ვიღაცას სურს, რომ ხელოვნურად ზიანი მიაყენოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. იქ ფორმატი არის ასეთი – დერეფნებში იმართება შეხვედრები, სპეციალური ოთახებიც კი არ არის ხოლმე, როგორც წესი, გამოყოფილი შეხვედრებისთვის. დერეფნებში იმართება ჩვეულებრივად შეხვედრები, ვისაც ექნება საუბრის სურვილი, ვისაუბრებ აბსოლუტურად ყველასთან“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.