საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე დამყარდება. მთავრობის მეთაური უკრაინაში ომის დაწყების სამი წლისთავს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და მეგობარი უკრაინელი ხალხისთვის ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა
„ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად. უკრაინის ტერიტორიების 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ პირველ რიგში მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში დიდთოვლობაზე და სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მაქსიმალურ მობილიზაციაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობაზე ზრუნვისთვის მომდევნო დღეების განმავლობაშიც ყველა ზომა იქნება მიღებული.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა მაღალ საერთაშორისო შეფასებებს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე და ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის სპორტის სამინისტროს, მინისტრ შალვა გოგოლაძეს, ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელ მამუკა ხაბარელს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა კალათბურთის ეროვნული ნაკრების წარმატება და განაცხადა, რომ კალათბურთელები, ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი, ხოლო კაპიტანი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, წარდგენილი იქნებიან ბრწყინვალების ორდენზე.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ 1 412 500-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
„მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა 195 000-ით. შესაბამისად, ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ, არის აბსოლუტურად რეალისტური და მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 39.3 %-ით ასევე გაზრდილია საგარეო ვაჭრობა და ქვეყანას ყველა მიმართულებით – როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში კარგი მონაცემები აქვს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გარკვეულ სუბიექტებს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა ჩავარდა.
„ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში. პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




