საქართველოს მთავრობა ცოფით დაინფიცირებული ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით დაავადებული მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის (ცხვარი, თხა, ღორი) სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.
კომპენსაცია მიზნად ისახავს ცხოველის მფლობელების დროულად ინფორმირებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცოფის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ცოფის გავრცელების პრევენციას და ადამიანების დაცვას დაავადებისგან.
კომპენსაციის მისაღებად საჭიროა:
- ცოფი ლაბორატორიულად დადასტურებული იყოს;
- ცხოველის სადგომი და მფლობელი რეგისტრირებული იყვნენ მონაცემთა ერთიან ბაზაში;
- ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული იყოს შემთხვევამდე არანაკლებ 15 დღით ადრე.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ კარანტინის პერიოდში მეპატრონე უარს ამბობს ცხოველის ვაქცინაციაზე და ეს ცხოველი ერთი წლის ვადაში ცოფით დაავადდება.
კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სპეციალურად შექმნილი კომისია, მონაცემთა ერთიან ბაზაზე დაყრდნობით.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მთავრობის №33 დადგენილება საიტზე.
საქართველოში მოქმედებს ასევე მთავრობის 2024 წლის №332 დადგენილება, რომელიც ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, FAO-ს მხარდაჭერით, კომპენსაციას ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაშიც გასცემს, ხოლო ახლა მეპატრონეებს საშუალება მიეცემათ ესარგებლონ კომპენსაციით ცოფით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაშიც.