საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დღესასწაულს — ლომისობას ზეიმობს

ლომისობა დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება.

საქართველოში ლომისას რამდენიმე სალოცავი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მთავარი და უძველესი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე, ისტორიულ მთიულეთში მდებარე ეკლესიაა. ნაგებობა ნატეხი ქვით არის ნაშენები და IX–X საუკუნეებით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ქრისტიანული ეკლესია აქ წარმართული ტაძრის ადგილზე აუგიათ. თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა.

დღესასწაულის ისტორია

ლომისობა წინაქრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს, თუმცა ამჟამად ის საეკლესიო კალენდარში ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულების რიცხვშია.

მთიულეთში ლომისა წინაქრისტიანული ღვთაება იყო. გადმოცემის თანახმად, მისი სახელწოდება ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმინდა გიორგის დაუკავშირდა, რადგან იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი.

ლეგენდები

ლომისის წმინდა გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა: XIII საუკუნეში ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია საქართველოს. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულმოქმედი ხატი. ადგილობრივების თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი კი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading