საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა, თამარ ღვამიჩავამ და ანა მღებრიშვილმა ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის საერთაშორისო პროექტების (EFMD) დირექტორ კრისტოფ ტერასესა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერ ჟან-ბაპტისტ მალიარდს უმასპინძლეს
მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ CBHE-ის საგრანტო პროექტის – „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში‘‘ (PRODIGE) ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ PRODIGE-ის ფარგლებში ჩატარებული თითოეული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, ციფრული სწავლების, სწავლისა და შეფასების პრაქტიკის დანერგვის კუთხით.
პროექტ PRODIGE-ის ძირითადი მიზნებია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარებისა და განსახორციელებელი რეფორმების მიმართულებით; ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.
PRODIGE-ის ფარგლებში შექმნილია კონსორციუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს ციფრული განათლების სისტემების გაუმჯობესება საქართველოში. მისი წევრი დაწესებულებებია: განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ნამურის, ლიეჟისა და ლუქსემბურგის უმაღლესი სკოლა, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტი და ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი.




