მარნეულის მერი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები ქვემო ქართლში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები იყო.


მხარეებმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე — სკოლების, საბავშვო ბაღების, გზებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებას, ქართული ენის სწავლების შესაძლებლობებს, სოციალურ და კულტურულ პროგრამებს, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საჯარო სექტორში დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას.


შეხვედრაზე აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, მოადგილე თეონა ფარჯიანი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
