საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი პლატფორმა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი ელექტრონული პლატფორმის – „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერება და დიასპორის საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოება.

პლატფორმის პრეზენტაციას განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ესწრებოდა. მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინიციატივა დიდ წვლილს შეიტანს უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში.

პლატფორმა შეიქმნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და ამ ეტაპზე უკვე დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პორტალი მოიცავს მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციებს და უზრუნველყოფს რეგისტრაციას, სწავლების პროცესის ორგანიზებასა და მეთოდურ მხარდაჭერას.

ქართული ენის გაკვეთილებს ატარებენ ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული პედაგოგები, ხოლო დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, ასევე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

🔗 პლატფორმის სანახავად ეწვიეთ ბმულს: distancelearning.mes.gov.ge/v2/landing

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading