დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, კაპრალი ზაზა დამენია 53 წლის გახდებოდა
მისი თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და სამხედრო წარმომადგენლები ოზურგეთში, ომში დაღუპულთა პარკში მდებარე გმირის საფლავთან შეიკრიბნენ და ყვავილებით მიაგეს პატივი მის ხსოვნას.
ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს ოზურგეთში დაიბადა.
1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში და მონაწილეობდა აფხაზეთის ომში.
2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა თანამებრძოლები – სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა.
ზაზა დამენიას სახელი სამუდამოდ დარჩა როგორც გმირობის, ღირსების და თავდადების სიმბოლო.