საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ვადის გაგრძელებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმებაზე“ იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

სარატიფიკაციო დოკუმენტი სხდომაზე განსახილველად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი პატარიძემ წარადგინა.

აღნიშნული ცვლილებით, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების ვადის 24 თვით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივება იგეგმება, ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრისა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება როგორც სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველყოფის კუთხით, ასევე ლაბორატორიული და სამედიცინო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასათვისებელი თანხები მოხმარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას, მათ შორის: სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას სისხლის ცენტრალური დაწესებულებისთვის; ფარმაცევტული საქონლის სასაწყობე სივრცის აღჭურვას; სასწრაფო დახმარების მანქანების და რეანიმობილების შესყიდვას; ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვას და რადიაციული თერაპიის ცენტრის შექმნის მიზნით ყველა საჭირო საქონლის თუ მომსახურების შეძენას და ასე შემდეგ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading