საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა. საკითხი კომიტეტმა I მოსმენით განიხილა.

ცვლილების პროექტი მიზნად ისახავს შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობას მისცემს ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

სხდომაზე საკითხის წარდგენისას, კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელება მნიშვნელოვანია სოციალური კუთხით და განაპირობებს პარლამენტის აპარატის კონკრეტული თანამშრომლის კიდევ უფრო მეტ სოციალურ დაცულობას.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში. კერძოდ, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია; შესაძლებელი იქნება კომისიის სხდომა გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.

ასევე, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading