საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ შეხვედრა გამართეს თესალონიკის მიტროპოლიტთან, მის მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესობასთან, ფილოთეოსთან
შეხვედრაზე ქართული დელეგაციის მხრიდან ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მართმადიდებლურ ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას. აგრეთვე, დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მიტროპოლიტ ფილოთეოსს თესალონიკის ქართული სამრევლოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს სამრევლოს ფუნქციონირების მნიშვნელობა, თესალონიკში მცხოვრები ქართველებისთვის.
მიტროპოლიტმა ფილოთეოსმა იმედი გამოთქვა, რომ თესალონიკის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოველკვირეული წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მომავალშიც გაგრძელდება და აღნიშნა, რომ მისი ეპარქია მჭიდროდ თანამშრომლობს თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან, რაც ხელს უწყობს ბერძნულ-ქართული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

