საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ანგარიშის მიხედვით 2024 წელს, ქვეყანაში 47 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 668 280 ათასი ლიტრი 2 781 481 558 ლარის ღირებულების ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 541 612 ლიტრი) 8.2%-ით აღემატება. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა 959 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილმა საერთო იმპორტში შეადგინა 44%, 5 იმპორტიორის – 62%. ბაზრის იმპორტის დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტს საბაზროს წილების სახით.
2024 წელს, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 54%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 16.7% და რუმინეთი – 14.7%. აღსანიშნავია, რომ 2023 წელთან შედარებით, შემცირებულია საწვავის იმპორტი რუსეთიდან და გაზრდილია ევროპული საწვავის წილი.
რაც შეეხება ბაზრის საცალო დონეს – 2024 წელს, 1238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ბაზრის კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის მაჩვნებელი 1190 ერთეულს შეადგენდა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 5 მსხვილი კომპანიის წილი შეადგენდა 67.1%-ს (500 ავტოგასამართი სადგური). როგორც მოქმედი ავტოგასამართი სადგურების, ასევე HHI ინდექსის და მსხვილი კომპანიების საბაზრო წილების შემთხვევაში, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს – ბენზინისა და დიზელის შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე არსებითი ცვლილებები არ ფიქსირდება.
საცალო ფასების მიმართულებით, 2024 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდი ფასების შემცირების ტრენდით ხასიათდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება, ამავე წლის იანვარი-თებერვლის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, გაიზარდა საცალო ფასებიც. ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, ამავე წლის მარტი-ივნისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნულის პარალელურად, საცალო ფასების შემცირება მოხდა 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში, რაც სააგენტოს პოზიციით შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც დაგვიანებული ასახვა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
