რუსთავში წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე სემეკში იმსჯელეს
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილი, კომპანია GWP-ისა და სემეკის წარმომადგენლები.
შეხვედრა რუსთავის მერიის ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებში არსებული პრობლემების გადაჭრის დაჩქარებას. GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ დეტალურად წარადგინა კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის მიმდინარეობა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქში არსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემები ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ GWP-იმ საინვესტიციო გეგმაში განსაზღვრული პროექტების შესრულება დააჩქაროს და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით მეტი აქტივობა გამოავლინოს.
„ჩვენ ველოდებით GWP-ისგან სწრაფ და ეფექტიან ნაბიჯებს. სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება პრიორიტეტია ჩვენი ქალაქისთვის და ამის მისაღწევად საჭიროა ინტენსიური მუშაობა“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ მარეგულირებელი კომისია ყურადღებით აკვირდება კომპანიების მიერ პროექტების განხორციელების პროგრესს და მოუწოდა GWP-ს, დააჩქაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა რუსთაველებისთვის წყალმომარაგება უსაფრთხო და უწყვეტი გახდეს.
რუსთავის დელეგატმა პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში წყლის მიწოდების შეფერხებები პრობლემას ქმნიდა და შეხვედრაზე მიღებული დაპირების შესაბამისად, ეს საკითხები მალე უნდა აღმოიფხვრას.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სექტემბერში დამატებითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც განხილული იქნება GWP-ის 2026 წლის საინვესტიციო გეგმა. რუსთავში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები რეგიონული განვითარების სამინისტროშიც განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ 2022-2024 წლებში კომპანიამ ქალაქში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
რუსთავის მერია კვლავ აქტიურად გააგრძელებს მონიტორინგს და მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებას არსებული ინფრასტრუქტურული გამოწვევების დასაძლევად.
.




