რუსთავში, ,,ოქსიგენ ფესტი“ სლოგანით – ,,ჩაისუნთქე ისტორია“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა
რუსთავში რიგით მეოთხე „ოქსიგენ ფესტი“ სლოგანით — „ჩაისუნთქე ისტორია“ ტრადიციულად გაიმართა და ორ დღეს, 5-6 ივლისს, დაუვიწყარ განწყობა და ემოცია მოუტანა როგორც რუსთაველებს, ასევე ქალაქის სტუმრებს.
საფესტივალო სივრცე, უკვე ჩვეული ლოკაციით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად საზეიმოდ გაიხსნა — ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვებით.
ფესტივალის პირველი დღე ახალგაზრდული გუნდის „თუთარჩელას“ კონცერტმა გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სასიამოვნო მუსიკალური გარემო შეუქმნა.
მეორე დღე მთლიანად მუსიკას და მხიარულებას დაეთმო: სცენაზე მოეწყო ჯგუფების — „ჯეობიტ ფროდაქშენის“, „დესპანის“ და „ოჩოს ქოხის“ კონცერტები. მურო გაგოშიძის ქორეოგრაფიულმა შოუმ სტუმრებს ენერგია და პოზიტივი შესძინა.
ფესტივალის კულმინაცია გახდა „ფრანის“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოსვლა და ჯგუფ REGGAEON-ის გრანდიოზული კონცერტი, რომელმაც „ოქსიგენ 2025“-ს დაუვიწყარი ფინალი შემატა.
„ოქსიგენ ფესტი“ უკვე მყარად დამკვიდრდა როგორც რუსთავის ახალგაზრდული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება, ვითარდება და ახალ ენერგიას სძენს ქალაქს.




