რუსთავში მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება – მერმა პროექტის დეტალები მოსახლეობას გააცნო

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება — სრულად განახლდება მესხიშვილის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსები.
პროექტის დეტალები ადგილობრივ მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად გააცნო. შეხვედრა სამუშაო ფორმატში უშუალოდ მესხიშვილის ქუჩაზე გაიმართა.

,,რუსთავის მერიის გუნდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის განხორციელებას ვიწყებთ”- ნინო ლაცაბიძე
სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია. პირველი ეტაპი მოიცავს მესხიშვილის N4 და N5 კორპუსების რეაბილიტაციას. გათვალისწინებულია შენობების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ენერგოეფექტურობის მაჩვენებელს. ასევე დაგეგმილია მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება და აივნების სრული განახლება.
რუსთავში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე რეაბილიტირებულია 56 კორპუსი. ამ დროისთვის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს კორპუსში მიმდინარეობს.
მესხიშვილის ქუჩის პროექტის ღირებულება 2 498 787 ლარს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიზანია ქალაქის ურბანული გარემოს თანამედროვე სტანდარტებზე მორგება და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
