რუსთავში მარჯანიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ ფაზაშია. პროექტი ეტაპობრივად ოთხ ქუჩაზე — მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს — სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მარჯანიშვილის ქუჩაზე სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ტაბაღუა ესწრებოდნენ. მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება საავტომობილო გზა, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე განათება.
სამუშაოების ფარგლებში, 33 197 კვ.მ-ზე დაიგება სამფენიანი ასფალტის საფარი, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, ადაპტირებული შუქნიშნები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარია და სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.