რუსთავის მერიამ, ახალი სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყო
ნინო ლაცაბიძე- სპორტის სასახლის გახსნის დღიდან, მერიის გუნდი ვმუშაობთ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რაც საქართველოს მთავრობამ მოგვცა რუსთაველებს, მაქსიმალურად მივმართოთ ქალაქის სასიკეთოდ.
დღეიდან, რუსთავის სპორტის სასახლეში არსებულ სპორტულ- საგანმანათლებლო მუზეუმში, შაბათ -კვირის სკოლა გაიხსნება, სადაც 10-დან 16 წლის ჩათვლით, მოზარდი სპორტსმენები, სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში მიიღებენ სასურველ თეორიულ ცოდნას.
ლექციებს, რუსთაველ ბავშვებს, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები წაუკითხავენ.
ტრენინგების სპეციალურ კურსს გაივლიან მწვრთნელებიც, რაც სხვადასხვა პროფილის სპორტულ სკოლებში, თანამედროვე მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას შექმნის.
პროექტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში 63 რუსთაველი მწვრთნელი იქნება ჩართული. სპეციალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი, სერთიფიკატს მიიღებს.
სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესების და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიამ, რამდენიმე თვის წინ გახსნა.
რუსთავის მერია / Rustavi City Hall




