რა ეღირება ID ბარათის აღება და ვინ ისარგებლებს შეღავათებით

იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო. ახალი ID ბარათები აღჭურვილია თანამედროვე დამცავი ნიშნებით, შეიცავს თითის ანაბეჭდებსა და QR კოდს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს.

დოკუმენტის საფასური უცვლელია, ხოლო მოქმედი ვადიანი პირადობის მოწმობების შეცვლა სავალდებულო არ არის. QR კოდის საშუალებით შესაძლებელია დოკუმენტის სტატუსის, რეგისტრაციის მისამართისა და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება.

დაინტერესებულ პირებს ახალ ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით: https://sda.gov.ge/

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები – სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – სრულად;საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები – სრულად;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით – სრულად;

სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ – 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან – სრულად;

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს – 10%-ით;

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.

პირადობის მოწმობის გაცემის ვადა და ღირებულება

მე–10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;

მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარი;

იმავე დღეს – 150 ლარი.

პირადობის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინოთ:

ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ იუსტიციის სახლში, ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ფასი – 5 ლარი);

შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა);

პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის/გვარის შეცვლა და ა.შ.).

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading