,,რაც მათ ამ დღეებში გააკეთეს, ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ლამის, კრემლთან კავშირი დააბრალეს. როდესაც ნებისმიერი ადამიანი მათ ნარატივში არ ჯდება, ხდება მისი სტიგმატიზება, როგორც რუსეთის აგენტისა”-შალვა პაპუაშვილი
„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სტუმრობა ძალიან კარგი მაგალითია და რეაქცია, რომელიც შემდგომ ვნახეთ. მათ შორის, მან გუშინ შემაჯამებელი „ტვიტი“ დაწერა და უნდა ნახოთ ის სიძულვილისა და მუქარის კორიანტელი, რომელიც „ტვიტერზე“ კომენტარებშია. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ „ენჯეო“ სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება, ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხვინეს, მაგრამ კარგი მაგალითი არის ზუსტად ეს, როგორ ყალიბდება ხოლმე აღქმები. რაც მათ ამ დღეებში გააკეთეს, ვნახეთ, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ლამის, კრემლთან კავშირი დააბრალეს და თავისი მომხრეების ნაწილში ალბათ, ზუსტად ეს აღქმა შექმნეს. ის სიძულვილი, რომელიც მის „ტვიტებს“ მოჰყვა, ამის მანიშნებელია. ეს აისახება ხოლმე შემდეგ მათ შორის, თავად ეუთო/ოდირის დასკვნებში.
ერთ პასაჟს წაგიკითხავთ ეუთო/ოდირის დასკვნიდან, რომელიც საქართველოს ეხება და რომელსაც ცდილობენ, რომ სათავისოდ მოირგონ:
„კამპანიის განმავლობაში კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული ცნობები ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებზე განხორციელებული წნეხის შესახებ. ამ ცნობებთან ერთად არჩევნების დღეს ამომრჩევლის აღრიცხვამ გააჩინა წუხილი, თუ რამდენად შეძლებდა ზოგიერთი ამომრჩეველი შიშის გარეშე არჩევანის გაკეთებას“.
ეს აბზაცი არის აწყობილი იმ აღქმებზე, რომელიც იქმნებოდა ცნობების გამო. ამაზე ვსაუბრობდი მე, რომ იქმნებოდა საინფორმაციო ხმაური, რომელიც შემდეგ აისახება სხვადასხვა ანგარიშში თუ სხვადასხვა ჯგუფის აღქმებში, რომ თითქოს, იყო დაშინება ან ზეწოლა. კარგია, რომ ეუთო/ოდირი ზუსტად ამას უსვამს ხაზს, რომ იყო ცნობები ზეწოლასთან დაკავშირებით და თავად ეუთო/ოდირი არც ერთ ადგილზე არ ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტები არსებობდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.