პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე
,,ბატონო პრემიერ-მინისტრო, უნგრეთის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის თავმჯდომარევ, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო,
დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში – ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისათვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული.
ჩვენ – ქართველები – განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ! თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა – ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას; ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში; საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო. და მაინც, დავრჩით გაუტეხელნი. ქართველებად დავრჩით! გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად; რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას – ის კარგავს საკუთარ თავს.
დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე. არამხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც – დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება – ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი – ჭეშმარიტი დასავლეთის.
თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის; და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს.
ჭეშმარიტი, ღირებულებებზე-დაფუძნებული დასავლეთი – ჩვენი დასავლეთი – ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი.
და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც; ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა – ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე.
იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით – უნგრეთში და მის მიღმაც – ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა.
ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას: ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ! აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას.
ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას, განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე, ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ, ეს გაფრთხილებები იგნორირებულ იქნა. ჩვენ, საქართველოში, კარგად გვესმის ომის ფასი შესაბამისად, ვიცით მშვიდობის ფასიც. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას – როგორც გარედან, ისე შიგნიდან – იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ! მშვიდობის გზა – ომის ნაცვლად; სტაბილურობა – ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება. მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია, თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში, გავლენიანმა საერთაშორისო მედიასაშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში, მათი სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს დასჯას იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით, სუვერენიტეტი ავირჩიეთ და ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ყოვლისა.წლებია, საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას.
როდესაც საქართველომ გაატარა ზომები, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარითა და სანქციებით შეხვდნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო! დაე თავად გადაწყვიტოს საქართველომ!” ყველა ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მოვლენა – მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული.
ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას Deep State-ად მოიხსენიებს. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა Deep State-ს გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები – როგორებიცაა USAID და NED – რომლის მეშვეობითაც Deep State ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხ წელიწადში ოთხი რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია.ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები ნამდვილად იმედისმომცემია. თუმცა ეს საკმარისი არ არის.
როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი – ე.წ. „მეგობარი აქტი” – რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს Deep State-ს, რაც უეჭველად დადებითად აისახება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში. დასასრულ, მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და Deep State-ის გავლენის წინააღმდეგ – ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებსა და თავისი ხალხის ნებას.
ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
და ღმერთმა დალოცოს თავისუფალი და მშვიდობიანი მსოფლიო!
დიდი მადლობა!”- ნათქვანია განცხადებაში,რომრლსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს




