პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის სხდომაზე
გვინდა, ხვიჩა კვარაცხელია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა.
„ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება – ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელთაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და, ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რომელიც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის გასულ წელს მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია ასევე წარდგენილი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დაფასდეს.
„ჩვენ გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან – კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი – NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ – როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.
სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე.
„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. ოთხი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8,8 პროცენტი და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება.
2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი. ამდენად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სიღარიბის 2024 წლის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი – 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ოპტიმიზაციის საკითხს.
„რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა. ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები. მათ დავუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ამ თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე, 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს – ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი – ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპ-ები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. მარტო ამ სფეროში სახელმწიფოს გამოუჩნდა დამატებითი რესურსი წლიური 52,5 მილიონი ლარის სახით. ეს, რა თქმა უნდა, მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და გაჩნდება ახალი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს პირველადი მონაცემებია, ვფიქრობთ, 52,5 მილიონი ლარი კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება, 60 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სსიპ-ებს, შპს-ებს, შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი. აღნიშნული პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ხელმძღვანელს, ვინც ჩართული იყო ოპტიმიზაციის დაგეგმვაში როგორც რკინიგზაში, ასევე ენერგეტიკაში და აღნიშნა, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.
„ეს პროცესი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ სრულფასოვანი სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რაც არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და, ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში, მაგალითად, ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. აღნიშნული პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა”, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე დააანონსა, რომ დაინიცირდება სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამა, რომლის მიზანია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
„არაერთი ობიექტია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურა, სკოლებს აქვთ, მაგალითად, სპორტული მოედნები, მათ შორის, 100-მეტრიანი სტანდარტული მოედნები, რომლებიც დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მარტო თბილისში არის 20 ასეთი სასკოლო სტადიონი, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია. გვინდა, ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ. შესაბამისად, ვაანონსებთ ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ასევე ბავშვთა სპორტის განვითარებას. ეს შეეხება როგორც საჯარო სკოლებთან არსებულ სპორტულ მოედნებს, ასევე სხვა საჯარო მიწის ნაკვეთებს, რომლებიც ამ ფუნქციით შეიძლება დაიტვირთოს.
პროგრამის არსია, რომ ინვესტიციის სანაცვლოდ, ანუ თუ თავის თავზე აიღებს ინვესტორი შესაბამისი სივრცის, მიწის ნაკვეთის რეაბილიტაციას და სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას, მათ 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადავცემთ იჯარით შესაბამის მიწის ნაკვეთებს. 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს და შემდეგი 10 წლის განმავლობაში – იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად. რეალურად, 10 წელი ვათავისუფლებთ გადასახადისგან სწორედ ინვესტიციის სანაცვლოდ. ამ ყველაფერში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც ექნება წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და შესაბამისი საბანკო გარანტია”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც საქმე ეხება სასკოლო სივრცეს, სასწავლო პერიოდში სკოლა, ბუნებრივია, ისარგებლებს საზღაურის გარეშე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ინვესტორი ვალდებული იქნება, რომ სკოლას სასწავლო პერიოდში ინფრასტრუქტურა უფასოდ დაუთმოს.
„მოთხოვნა ძალიან დიდია ბავშვებში, განსაკუთრებით ფეხბურთის კუთხით არის ძალიან დიდი ინტერესი და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. ჩვენ ვხარჯავთ სახელმწიფო რესურსებს ასეთი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია, ინვესტორები წავახალისოთ, რომ თავად დახარჯონ საკუთარი რესურსები და ამით შეგვიძლია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბავშვთა სპორტის წახალისებას არამარტო ფეხბურთის სფეროში, რაგბი, სხვა მიმართულებითაც შეიძლება დაიტვირთოს ეს სივრცეები. ვფიქრობ, ეს იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს. უახლოეს დღეებში დაანონსდება ეს პროგრამა და ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს შეეძლება მასში მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, საქართველო ვაქციოთ ახალ ხორვატიად სპორტის კუთხით, პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით. გვაქვს შესაბამისი ტალანტი და, ვფიქრობ, რომ ამის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია. ეს მასობრივი პროგრამა, რომელსაც გთავაზობთ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომას პირველად დაესწრო.
„მივესალმები ბატონ გეკა გელაძეს, რომელიც დღეს პირველად ესწრება მთავრობის სხდომას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრ წარმატებას მოუტანს ამ უწყებას და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას. წარმატებები კიდევ ერთხელ.
ბატონ ვახტანგ გომელაურს კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები და გადავუხადო მადლობა მრავალწლიანი ძალიან ღირსეული სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

