პრემიერი საბაჟოს საერთაშორისო დღეს ულოცავს თანამშრომლებს და ქვეყნის ეკონომიკურ როლზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული დღესასწაული მიულოცა თითოეულ თანამშრომელს და მადლობა გადაუხადა მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლის დემონსტრირებაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ახორციელებენ.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც დადებითად აისახება მოქალაქეებზე და საერთაშორისო პარტნიორებზე. ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, მშრალ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს.
„თქვენი შრომა, ხშირად, შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ, თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული, თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველო საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და პარტნიორებსაც.
ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.