პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების განახლება გრძელდება
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით, განახლდა ყოველწლიური წიგნების შეგროვების აქცია – „შეაგროვე ცოდნა“. წელს პირველად, ამ ინიციატივას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეუერთდა და მსჯავრდებულებისთვის 1000-მდე წიგნი შეაგროვა.
საკითხავი ლიტერატურა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება. ამ მიმართულებით მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი პროექტის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს. ინიციატივა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
ღონისძიების პარალელურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ მზადდება. გამოფენა-გაყიდვის შედეგად, მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ და ეს მათ შემოსავალს წარმოადგენს.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. თანამშრომლობის ფარგლებში, მსჯავრდებულები იძენენ ახალ პროფესიებს, რაც გათავისუფლების შემდეგ, მათ დასაქმებასა და რესოციალიზაციას უწყობს ხელს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.




