პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს
ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ადამიანის ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. განსაკუთრებით ცხელი დღეების დროს, მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ გააზრებულად, რათა თავიდან ავიცილოთ გადახურება, დეჰიდრატაცია და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებას ურჩევს, როგორ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და სიგრილე ზაფხულის პიკურ სიცხეში. მისი რეკომენდაციები ეფუძნება პრაქტიკულ მიდგომებს და გათვლილია როგორც სახლში მყოფთათვის, ისე მათთვის, ვინც იძულებულია იმყოფებოდეს ღია სივრცეში.
- “გარეთ ყოფნისგან თავის შეკავება: მაღალი ტემპერატურის დროს, უმჯობესია, თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან და ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში.
- ღია ფერის ტანსაცმლის ტარება: ღია ფერის ტანსაცმელი უკეთესად აირეკლავს მზის სხივებს და ხელს შეუწყობს სხეულის გაგრილებას.
- სითხის მიღება: მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით წყლის, მიღება ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის.
- სახლში სიგრილის შენარჩუნება: სახლში სიგრილის შესანარჩუნებლად, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს.
- სველი პირსახოცის გამოყენება: სველი პირსახოცის ჩამოკიდება ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას.
- ვენტილატორის გამოყენება მაღალ ტემპერატურაზე: თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის.
- საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენება: ვისაც კონდიცირების საშუალება არა აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს.
- ღამის განიავება: აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე.
- საკვების მიღება: მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობით საკვები და მოვერიდოთ ცილას.
ეს რჩევები მიზნად ისახავს ზაფხულის ცხელ დღეებში ჯანმრთელობისა და კომფორტის შენარჩუნებას.”- ნათქვამია პაატა იმნაძის რეკომენდაციაში
