ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ეკოლოგიურ გამოწვევებზე პარლამენტის კომიტეტზე ისაუბრა
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე რუსთავში არსებული ჰაერის ატმოსფერული მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრა.
მერის განცხადებით, ქალაქში კვლავ მოქმედებენ საწარმოები, რომლებიც გადაიარაღებას ვერ ახერხებენ, რაც ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რჩება.

„რუსთავში არის საწარმოები, რომელებიც ჯერ კიდევ გადაიარაღებას ვერ ახერხებენ და მნიშვნელოვანია სამინისტროს უფრო აქტიური ჩართულობა ამ ნაწილში. მუნიციპალურ დონეზე 2026 წლიდან გვაქვს ახალი გეგმები, რომელიც მიმართული იქნება ჰაერის მართვის გეგმის ფარგლებში ჩვენს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე,“ – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნის პრობლემაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქარხნებში ჯართის ღია წესით ჭრის პროცესების გადახედვა.
„ასეთი პროცესები წარმოშობს უსიამოვნო სუნს და ქალაქზე სერიოზულ გავლენას ახდენს,“ – განაცხადა მერმა.
სხდომაზე განხილული იყო უკანონო ნაგავსაყრელის საკითხიც. ნინო ლაცაბიძის თქმით, შესაბამისი კომპანია უკვე დაჯარიმდა და მისი საქმიანობა შეჩერებულია.
რუსთავის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის განახორციელოს ჰაერის მართვის ახალი პროგრამები და განაგრძოს თანამშრომლობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რათა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.