ნიკოლოზ სამხარაძე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგარეო საქმეთა და ექსპატრიანტთა მინისტრის პირველ მოადგილეს მაჯიდ ალ-კატარნეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და იორდანიას შორის არსებული ურთიერთობები და ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დაახლოებით 2000 იორდანელი სტუდენტი ცხოვრობს, ხაზი გაესვა საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა, ასევე მადლობა გადაუხადა იორდანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა აგრეთვე მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. იორდანიის ვიცე-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღაზაში არსებულ ვითარებაზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, სირიასა და ერაყში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია. მხარეები, თბილისში, პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading