მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგა

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველს განსაზღვრავს. მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი საკუთარი სიმტკიცითა და რწმენით ქმნიდა უნიკალურ კულტურასა და ისტორიას, ხოლო დღეს ქვეყნის მომავალი მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელია სამშობლოს სიყვარულზე, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკა. მან ასევე ისაუბრა გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები რეალურია, მათ შორის – გარე ძალების მხრიდან ზეწოლა და შიდა პროცესების ესკალაციის მცდელობები.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო ატარებს პრაგმატულ და მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მხრიდან არსებობს მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მიმართულებით.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა 4 ოქტომბრის მოვლენებზე და განაცხადა, რომ სამართალდამცველების ძალისხმევითა და საზოგადოების პასუხისმგებლობით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი სცენარის აღკვეთა.

მოხსენებაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი გზით ერთიანი და განვითარებული საქართველოს შენება აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად.

ეკონომიკურ ნაწილში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისის ფონზე ქვეყანამ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპი საერთაშორისო მონაცემებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა განათლების რეფორმის აუცილებლობაზე, ქართული კულტურისა და სპორტული წარმატებების მნიშვნელობაზე, ასევე ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

მოხსენების დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებითა და ურთიერთპატივისცემით შესაძლებელი იქნება ისეთი ქვეყნის აშენება, რომლითაც თითოეული ქართველი იამაყებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading