მიხეილ ყაველაშვილი: „არ არსებობს ფაქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კავშირს რუსეთთან დაადასტურებს“
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს ხელისუფლების კავშირს რუსეთის მთავრობასთან. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკა ემყარება მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს და პრაგმატულ, დაბალანსებულ მიდგომებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიზანია ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება და დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება.
„ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. დადგება დრო, როცა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში,“ – განაცხადა ყაველაშვილმა.
კრიტიკის პასუხად, რომ თითქოს ხელისუფლება მოსკოვთან ძალიან ახლოს დგას, მან აღნიშნა, რომ აგრესიული პოლიტიკა ტერიტორიების დაბრუნების შანსს არ იძლევა:
„ჩვენ არ ვართ ნატოს წევრები, არც ევროკავშირის წევრები. ჩვენი პოლიტიკა ჩვენი გამოცდილებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.