მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილის ციხეში გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილების შესახებ მან წინასწარ არაფერი იცოდა.
„ციხეში გადმოყვანა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო – არავინ ვიყავით ინფორმირებული. გუშინ მქონდა მასთან ვიზიტი, დღის განმავლობაში მოვინახულე და თვითონაც არ ჰქონდა ინფორმაცია,“ – აღნიშნა ბარამაშვილმა მედიასთან.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციას ციხეში პირველივე შეხვედრის შემდეგ გაიგებს, რის შემდეგაც გადაწყდება, გაკეთდება თუ არა საჯარო განცხადება.
მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.