მილანში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნატალია კორძაიამ მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „მოდუსის“ წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტში, რომელიც იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში ჩატარდა

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ: კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორი ნინო ქავთარაძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით მაია დალაქიშვილი, ქ. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და გორის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელები — ნინო ბენდელიანი და ნინო ბერიანიძე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ლორის მალაგუცის სახელობის საერთაშორისო ცენტრი Reggio Children, სადაც ადგილზე გაეცნენ სკოლამდელი აღზრდის ინოვაციურ მიდგომებს და დაათვალიერეს საგანმანათლებლო სივრცეები. აღსანიშნავია, რომ კოლეჯ „მოდუსში“ მოქმედი პროგრამა „აღმზრდელი“, რომელიც შექმნილია ქ. რუსთავის მერიის ინიცირებით და მხარდაჭერილია მისივე სტიპენდიით, სწორედ ამ ცენტრის მიდგომებზეა დაფუძნებული. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი თემა იყო Reggio Emilia-ს საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ეფექტიანი მოდელი სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების სფეროში.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს Reggio Emilia-ს პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ბავშვის ინტერესებზე, სენსორულ აღქმასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას და გულისხმობს სწავლების პროცესის ბუნებრივად შერწყმას თამაშსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

შეხვედრაზე იმსჯელეს ამ მიდგომის შესაძლო ადაპტაციასა და დანერგვაზე საქართველოს სკოლამდელი განათლების სისტემაში, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ერთობლივი პროექტებისა და გამოცდილების გაზიარების მექანიზმებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა პროფესიული განვითარებისა და მასწავლებელთა გადამზადების, როგორც განათლების სისტემის განვითარების აუცილებელი კომპონენტის მნიშვნელობა.

სამუშაო ვიზიტი საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading