ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო – ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიების – „ბრიტანული ავიახაზებისა“ და „იზიჯეტის“ შემოსვლა ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ჩვენ ორივე ბრიტანულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით დავიწყეთ გაერთიანებულ სამეფოში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას ბრიტანეთში, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან ტურისტული ვიზიტების დინამიკაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რეისები თბილისა და ლონდონს შორის დაახლოებით 90 – პროცენტიანი დატვირთვით სრულდება, მგზავრთა დიდი ნაწილი კი გაერთიანებული სამეფოდანაა, რაც აძლიერებს ტურიზმის დივერსიფიკაციის სამთავრობო პოლიტიკას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პირდაპირი ფრენები ლონდონთან, ტურიზმის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს, რადგან როგორც საქართველოს, ისე ბრიტანეთის ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოხატული იყო დიდი მოლოდინი და ინტერესი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თბილისი – ლონდონის პირდაპირი რეისით დაკავშირებამ ასევე აამოქმედა დამატებითი სატრანზიტო ხაზი აშშ-ს მიმართულებით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading