მთავრობის წევრებმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის წევრები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.
ისინი დაესწრნენ პანაშვიდს, შეხვდნენ გმირების ოჯახებს და მათ მიუსამძიმრეს. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ შინდისის ბრძოლის ადგილზე თავდაცვის სამინისტრო მემორიალური კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.


„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ ვაჟკაც გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე. დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი – ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ქართველი მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია და ის ყველა ბრძოლაში შედის, როგორც დიდგორში, ეს გვაჩვენეს, 17 წლის წინ, შინდისის გმირებმა. ამავე დროს, ვნახეთ, რომ ყველა ბრძოლას არ ჰყავს აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდალი – რომ არა სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი, ომი არ იქნებოდა”-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
