,,მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, რომ ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში”-შალვა პაპუაშვილი
„მე რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს თუ საელჩოს ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვხედავთ, რომ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა საელჩოებს, რომ დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების მიერ ორგანიზებულ თავდასხმას. ბოლოს 31 მარტს იყო ეს თავდასხმა, როდესაც ასევე დაზიანდა პარლამენტის შენობა. აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმებზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ ემიჯნება ძალადობას. პირიქით, არის წახალისება ამ ძალადობის და ასევე, შემდეგ ვისმენთ რაღაც მორალისტურ პოზიციებს.
დღეს ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც მან კუდიანებზე ნადირობა უწოდა.
საფრანგეთში 4 თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლეპენი და 4 წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე, კრიზისზე და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ, არასერიოზულია.
საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, საფრანგეთის მოსახლეობის 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს, რაღაც კრიზისი იყოს პოლიტიკური, უბრალოდ, არასერიოზულია.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, რომ ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის, კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში.
სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ დღეგამოშვებით ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს საქართველოსთან დაკავშირებით, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.
თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თვითონ ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. თუკი საერთაშორისო სამართლის დარღვევად ისინი აფასებენ ქცევას, რომელიც მათი გადმოსახედიდან, არის რუსეთისთვის, მაშინ ნუ მოიქცევიან ისე, როგორც მათი გადმოსახედიდან, იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული ანი და ბანი დიპლომატიური საქმიანობისა, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, მასპინძელ ხალხს, არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს ამის ძალიან დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.