მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით –1-15 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში – აღიკვეთა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების შემოტანის არაერთი შემთხვევა.
🔹 ქუთაისის აეროპორტში, საქართველოს სამი მოქალაქის ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები, საერთო წონით – 281.24 გრამი.
დადგენილი სამართალდარღვევების შედეგად:
- ორ მოქალაქეს, ადმინისტრაციული სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 597.26 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ;
- ერთ შემთხვევაში კი, საბაჟო ღირებულების 15 000 ლარს გადაჭარბების გამო, საქმის მასალები სისხლის სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
🔹 თბილისის აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა ასევე აღკვეთეს არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების შემოტანის რამდენიმე ფაქტი. დათვალიერებისას ბარგში აღმოჩნდა:
- ოქროს ნაკეთობები – 110.94 გრამი,
- ვერცხლის ნაკეთობები – 2 010 გრამი.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 46 778.04 ლარი. - ორი მოქალაქის საქმე გადაეცა საგამოძიებო სამსახურს,
- კიდევ ორი პირი – საქართველოს მოქალაქე და უცხო ქვეყნის ბინადარი – 13 000 ლარით დაჯარიმდნენ.
აქვე გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთისა და საბაჟო კონტროლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე “- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.