მარნეულში სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო ერთი პირი დააკავეს – შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1965 წელს დაბადებული თ.ზ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი 1958 წელს დაბადებულ რ.მ.-ს დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.