მარნეულში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში, მარნეულში, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მეწარმეებსა და ფერმერებს პროგრამის პირობები, დაფინანსების მექანიზმები და მონაწილეობის კრიტერიუმები გააცნეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი.

პროგრამა ითვალისწინებს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასაკლაოების მოწყობის თანადაფინანსებას. გარდა ამისა, ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას მოიცავს.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 2 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის ღირებულების თანადაფინანსება, პირობების შესაბამისად, 50%-მდე, გარკვეულ შემთხვევებში კი 55%-მდეა განსაზღვრული.

პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაციაა. განაცხადების მიღება ელექტრონულად, სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading