მარნეულმა სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღნიშნა

25 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, სახალხო დღესასწაული „მარნეულობა 2026“ აღინიშნა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი ჯამდელიანი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მოეწყო თემატური და ეთნოგრაფიული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნო-კულინარია, საბავშვო-გასართობი სივრცე, ფოტოზონა და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. .
გაიმართა ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები.

დღის განმავლობაში სპორტული აქტივობებიც ჩატარდა. სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სადღესასწაულო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგნენ შაბან მამედოვი, სოფო ბედია, მუსიკალური ჯგუფები „ქართული ხმები“ და „შავნაბადა“, DAMLA და DJ Sako.

„მარნეულობა 2026“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
