მარნეულის მუნიციპალიტეტში სტუდენტების სამგზავრო დაფინანსება გაიზარდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, ყოველთვიური მგზავრობის დაფინანსების თანხა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა.
მგზავრობის ხარჯებით დაფინანსება შეეხებათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე); სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს; იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტს (არანაკლებ 3 არასრულწლოვანი, 18 წლამდე შვილი); სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია; ვეტერანის შვილ სტუდენტს; უდედმამო სტუდენტს.
აღნიშნული კატეგორიების წარმომადგენელი სტუდენტები დაფინანსებას მიიღებენ პირველი კურსის, პირველი სემესტრიდან.
ასევე, გაზრდილ სამგზავრო დაფინანსებას მიიღებენ:
მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები (არანაკლებ 91-ქულიანი შეფასება ყველა საგანში);
პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A, B, C აკადემიური ქულების მქონე): დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტი; ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი; ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი; ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი; ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი; ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი; მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.
აღნიშნული კატეგორიის წარმომადგენელმა სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ ნიშნების ფურცელი, რის შემდეგაც მიიღებენ დაფინანსებას.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე წესის ფარგლებში დახმარება გაეწევა სტუდენტს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადებით მომართვამდე უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში არის რეგისტრირებული და უწყვეტად ცხოვრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც, დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება მარნეულის მუნიციპალიტეტი.
#მარნეულისმუნიციპალიტეტისმერია
ნაკლების ჩვენება