მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება სოფელ ყიზილაჯლოში გაზმომარაგების შეწყვეტასთან დაკავშირებით

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება სოფელ ყიზილაჯლოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდ დისკომფორტსა და ყოველდღიურ სირთულეებს უქმნის აღნიშნული შეფერხება თითოეულ ოჯახს, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და ხანდაზმულებს. გვსურს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ამ გამოწვევის ფონზე.

მუნიციპალიტეტის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტსა და ღირებულებას ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და მათ წინაშე აღებული პასუხისმგებლობა წარმოადგენს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე დატოვება.

ასევე, ვეხმიანებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) განცხადებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ კომისია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულად და ეფექტიანად მოახდენს რეაგირებას შექმნილ ვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს პროცესის დროულ და სამართლებრივ მოწესრიგებას.

⬇️ უცვლელად გთავაზობთ სემეკის განცხადებას:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს.

სემეკში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული ტარიფი სრულად მოიცავს სოციალური გაზის ღირებულებას (36.7 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), აგრეთვე ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.

მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში სოციალური გაზის ღირებულება სრულად არის ასახული, თუმცა შპს „მამედი“ არ ეთანხმება სოციალური გაზის შესასყიდ ფასს, არ იხდის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია შპს „მამედისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავს სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading