კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი – 45“ პრეზენტაცია
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი – 45“ პრეზენტაციას დაესწრო.
ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში, ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.
ორენოვანი წიგნ-ალბომი კინომსახიობთა თეატრის 45-წლიან ისტორიას ასახავს. პროექტის იდეის და კონცეფციის ავტორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი იოანე (ვანო) ხუციშვილი.
კინომსახიობთა თეატრი 1975 წელს, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე დაარსდა. 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო – კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მიხეილ თუმანიშვილი. 1996 წელს, მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, კინომსახიობთა თეატრს ცნობილი რეჟისორისა და პედაგოგის ხსოვნისა და უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად მისი სახელი მიენიჭა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.



