კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულებაში ცვლილება და საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს
კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის დებულებაში ცვლილება განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას თქმით, კომიტეტის დებულებას ემატება „კ“ ქვეპუნქტი და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: კულტურის კომიტეტი კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტების მერიებთან და მათ დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან – კულტურის ორგანიზაციებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერას.
„მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები კულტურის ორგანიზაციების სახით. ეს ორგანიზაციები წარმოადგენს სოლიდურ წილს კულტურის სფეროში, რომლებიც ადგილზე ახორციელებენ სხვადასხვა დარგის ხელშეწყობას და განვითარებას. ა(ა)იპ-ები არ გახლავთ კულტურის სამინისტროს სისტემაში. ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ამ კულტურის ორგანიზაციებთან და ვიზრუნოთ ამ ორგანიზაციების წინსვლისთვის და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
კომიტეტმა ასევე დაუჭირა მხარი კულტურის კომიტეტთან არსებული ორი – ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის საკონსულტაციო საბჭოების შექმნას. სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობები დაამტკიცეს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.