საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას მხარი დაუჭირა.
რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა კომიტეტის წევრებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სხვადასხვა წლებში ხელმოწერილ სასესხო შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებათა წერილ-შეთანხმებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მზია გიორგობიანმა აღნიშნა, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისის მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტს ეხება, 2018 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა ხელი, N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას კი – 2025 წლის 28 თებერვალს. მისი ინფორმაციით, სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, ცვლილება მხოლოდ პროექტის აღწერილობით ნაწილში ხდება.
2025 წლის 28 თებერვალს არის გაფორმებული „2019 წლის 27 ნოემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებაც“. მომხსენებლის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც სესხის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება ხდება, სესხის პირობები კი იგივე რჩება.
მზია გიორგობიანის განცხადებით, „2020 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტი)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“ ასევე 2025 წლის 28 თებერვალს მოეწერა ხელი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული იყო თელავის წყლით უზრუნველყოფა, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ცვლილებით კი წარმოდგენილია სესხის ხელმისაწვდომობის ვადის ორი წლით გადაწევა.
მზია გიორგობიანმა ასევე წარადგინა „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს ცვლილება 2025 წლის 11 მარტს არის გაფორმებული, რითაც ხდება პროექტის აღწერილობითი ნაწილის ცვლილება. კერძოდ, პროექტიდან ამოღებულია მოლითი – ჩუმათელეთის მონაკვეთი. ამგვარად, ძირულა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ნაცვლად მოხდება ძირულა-მოლითის დამაკავშირებელი დაახლოებით 25 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ხოლო „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ ფარგლებში, სესხის დარჩენილი თანხა – 18,437,997 აშშ დოლარი გაუქმდა.
„მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი დიდი ფინანსური მხარდამჭერია სხვადასხვა გზის მონაკვეთების დაფინანსებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ამ თანხის გამოყენება მოხდება გზის სხვა მონაკვეთთან მიმართებაში“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განსახილველად წარადგინა სარატიფიკაციო დოკუმენტი – „2022 წლის 22 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო-ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი)“ N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია ზემო სამგორის საირიგაციო პროექტის განვითარება.
„საირიგაციო სისტემის მოდერნიზაცია-განვითარებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტია. სესხის მოცულობა 20 მლნ ევროა და სახელმწიფოსაც აქვს თავისი კონტრიბუციის წილი, რათა პროექტის ფარგლებში მოხდეს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება. პროექტი დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი მიწის მორწყვას გააუმჯობესებს და დამატებით 12 ათას ოჯახს მოემსახურება. შეთანხმებაში ცვლილება აზუსტებს პირველი ტრანშის ოდენობას, რომელიც დაიხარჯება პროექტის ფარგლებში და რომლის მეშვეობით პროექტირების სამუშაოები განხორციელდება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
დღესვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები დაამტკიცა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.