კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას გზის ორ მონაკვეთზე ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე ეტაპზე, გზის 71-ე კილომეტრზე მიმდინარეობს რკინიგზის გზაგამტარის, ხოლო 74-ე კილომეტრზე – წალკის ხევზე არსებული ერთმალიანი ხიდის აღდგენა.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურა XX საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული და ამჟამად სრულად განახლდება.


რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება 88-მეტრიანი სავალი ნაწილისა და სანაპირო ბურჯების დაზიანებული უბნების აღდგენა, მისასვლელი ყრილების გამაგრება, ასევე, ახალი ტროტუარის, მოაჯირების და ფოლადის კონსტრუქციის დამცავი ღობეების მოწყობა.
რაც შეეხება ერთმალიან ხიდს, პროექტის ფარგლებში ხორციელდება სავალი ნაწილისა და ბურჯების რეაბილიტაცია, ახალი ტროტუარის და მოაჯირების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანზიტო მოძრაობის პირობებს, ისე გზის უსაფრთხოების ხარისხს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
