კობახიძე: შენობების ფასადების, გადახურვისა და შემოღობვის ახალი სტანდარტები დამტკიცდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს შენობების იერსახესთან დაკავშირებული ერთიანი სტანდარტების შემუშავებაზე. როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში დამტკიცდება დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს შენობების ფასადების, გადახურვის და შემოღობვის არქიტექტურულ და ესთეტიკურ სტანდარტებს.
„ფასადებიც, შემოღობვაც, გადახურვაც უნდა იყოს გემოვნებიანი და მოწესრიგებული, ერგებოდეს ბუნებას, ურბანულ ქსელს, ლანდშაფტს,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს არქიტექტურული გემოვნების გაუმჯობესებას, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად.
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.