კობახიძე: აიკრძალა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მიწოდება კერძო სუბიექტების მიერ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კერძო სუბიექტებს აეკრძალათ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება. პრემიერის თქმით, ამ ნაბიჯით მთავრობა ცდილობს შეამციროს ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების რისკი.
როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარკვეული კერძო კომპანიები აღნიშნულ უფლებას ბოროტად იყენებდნენ.
„კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება აიკრძალა. კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ სფეროში კონტროლი გაძლიერდება და შესაბამისი რეგულაციები სახელმწიფო დონეზე განისაზღვრება.