იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენის არსებული ნორმით არჩევისა და შერჩევის წესის ერთმანეთში აღრევა ხდება.

საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს გენერალური პროკურორის კანდიდატურის წარდგენისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გადაჭრას და უფრო ეფექტური მოდელის დამკვიდრებას.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა, რომ წარადგინოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, მაგრამ კონსტიტუციაზე დაბალი იერარქიის მქონე კანონით გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთთვიანი კონსულტაციის გამართვა. ამის შემდეგ, სამი კანდიდატურის შერჩევა და ხმათა ორი მესამედის მოპოვების შემთხვევაში, კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

„გამოწვევა სწორედ ამ პროცედურაში მდგომარეობს. კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებაში ჩართული არიან სხვა პირები, რაც არ არის მიზანშეწონილი. ამიტომ გთავაზობთ, რომ საპროკურორო საბჭომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელოს ამ პირების ჩარევის გარეშე და საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის დასახელების უფლება. კანდიდატებს საპროკურორო საბჭო მოუსმენს. კენჭისყრა ღია წესით გაიმართება და ვინც მიიღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას ისე, რომ სხვა კანდიდატზე მეტი ხმათა რაოდენობა მოიპოვოს – მისი წარდგენა მოხდება საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი, მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის გენერალური პროკურორის პოსტზე არჩევის, ან არჩევაზე უარის თქმის შესახებ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომიტეტის წევრებმა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის ინიციატორი არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading