იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტს.


საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

ცვლილებების მიზანია კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა და სხვადასხვა საკითხის მოწესრიგების გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტისა და მედიატორის პროფესიის განვითარებას.

„2019 წელს მიღებული იყო მედიაციის შესახებ საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანიც იყო სხვა გზებთან ერთად, მართლმსაჯულების ალტერნატიული გზების წახალისება. თუმცა, 2019 წლიდან დღემდე გამოიკვეთა გარკვეული გამოწვევები და ჩვენი მიზანია, სწორედ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებას ენიჭება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცების, ხოლო მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავებისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის უფლებამოსილება.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იქმნება მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების მექანიზმი.

„კანონში ცვლილების შედეგად, აღმოიფხვრება სამედიაციო მორიგების აღსრულებასთან და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ ნორმებში არსებული ცალკეული ხარვეზები“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

ამასთან, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება, ხოლო თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდება, მხარეები მთლიანად გათავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმ მოქმედებათა ჩამონათვალს, რომლებიც სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტში (მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში) სპეციალურ მითითებას საჭიროებს, ემატება მედიაციაში წარმომადგენლობა.

„წარმოდგენილი ინიციატივა ხელს შეუწყობს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და მის პოპულარიზაციას. ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს თანამედროვე, ახალი სტანდარტებით და ამავდროულად, ახალი საშუალებებით. ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის განტვირთვას და მეორე მხრივ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი დავები ალტერნატიული წესით მოაგვარონ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading