წალკის მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ შეხვედრები გამართა სოფელ ხანდოს, რეხის, ბურნაშეთისა და ბერთას მოსახლეობასთან. კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ნდობა აძლევს ძალასა და ვალდებულებას, განაგრძოს ბრძოლა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
„სოფელ რეხაში გატარებული წლები იყო ის საძირკველი, რომელმაც დამაყენა იმ გზაზე, რომელსაც დღეს ვემსახურები“, – აღნიშნა საბაძემ მშობლიურ სოფელში გამართულ შეხვედრაზე.
სოფელ ხანდოში, მერობის კანდიდატი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ერთიანობა და შრომისმოყვარეობა ძლიერი საყრდენია წალკისთვის.
სოფელ ბურნაშეთში, მოსახლეობის მიერ პრობლემების გულწრფელი გაზიარება მისთვის ფასდაუდებელ გზამკვლევად მიიჩნია – როგორც თავად აღნიშნა, ეს დაეხმარება, მომავალი ნაბიჯები რეალური საჭიროებების შესაბამისად დაგეგმოს.
სოფელ ბერთაში კი განსაკუთრებული იყო ადგილობრივების ინიციატივა და თავდადება – „ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ძალა სწორედ ერთობლივ მონდომებასა და საერთო საქმეშია“, – აღნიშნა საბაძემ.
მისი თქმით, ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის წინსვლის მთავარი გარანტია ხალხის ერთიანობა, მათი ენერგია და ნდობაა.
„თქვენთან ერთად ახალი შესაძლებლობებისკენ – ხალხთან ერთად, ხალხისთვის!“ – განაცხადა ილია საბაძემ.