თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თანამედროვე ლაბორატორიებით, სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო ტექნოლოგიით, ციფრული აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი გახსნა
რომელიც თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე იმუშავებს და თსუ-ის სტუდენტების პროფესიულ და პრაქტიკული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
რექტორის თქმით, თსუ-ის სამედიცინო ცენტრი სასწავლო-პრაქტიკულ სივრცეს წარმოადგენს. „ეს იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის პრაქტიკის მთავარი ბაზა, რომელიც მათ დაეხმარება გამოიმუშაონ ის უნარები, რომელიც მთავარია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, მომავალი ექიმებისთვის. აქ წარმოდგენილი თანამედროვე აპარატურა, სიმულაციური ცენტრი არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების აღჭურვილობას“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრში იმუშავებს ულტრაბგერითი კვლევის ლაბორატორია, სპირომეტრიის, ელექტროკარდიოგრაფიის, სტომატოლოგიის კაბინეტები.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრში პაციენტებს კონსულტირებას გაუწევენ თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები: კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი, რევმატოლოგი და სხვა.
თსუ სტუდენტებისთვის სამედიცინო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი სიმულაციური სწავლება წარიმართება. თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან როგორც დიაგნოსტიკურ კვლევებში, ასევე დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ პაციენტების გასინჯვაში.
თსუ-ის სამედიცინო ცენტრის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მაია ბიწკინაშვილი, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.




